fbpx

პროცესზე დაფუძნებული მიდგომა ხარისხის მართვაში

რას ნიშნავს პროცესზე დაფუძნებული მიდგომა?

პროცესზე დაფუძნებული მიდგომა, ხარისხის მართვის მენეჯმენტში ერთი-ერთი პრინციპულად მნიშვნელოვანი მიდგომაა, რომელიც საქმის განვითარებასა და გაუმჯობესებაში გვეხმარება. 

ისო 9000:2015 სტანდარტი  (ხარისხის მენეჯმენტის სისტემები - ფუნდამენტური კონცეფციები და ლექსიკონი), შეიცავს აღნიშნული მიდგომის აკადემიურ განმარტებას. 

2.3.4. პროცესზე დაფუძნებული მიდგომა  

2.3.4.1. განმარტება

თანმიმდევრული და პროგნოზირებადი შედეგების მიღწევა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ქმედებები აღქმული და მართულია, როგორც ურთიერთდაკავშირებული პროცესები, რომლებიც, ამავდროულად ურთიერთმოქმედი (კოჰერენტული) სისტემის მსგავსად ფუნქციონირებენ

მოცემული დეფინიციის მიხედვით, ორგანიზაციაში ნებისმიერი მიმდინარე თუ დაგეგმილი ქმედება, აღიქმება როგორც ერთი ცალკეული პროცესი, ამავდროულად, თითოეული ასეთი პროცესი სისტემურად დაკავშირებულია და ურთიერთქმედებს სხვა პროცესებთან.   ამგვარად, ურთიერთდაკავშირებულ პროცესთა ჯაჭვი, ხდება შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის საფუძველი. 

რას ნიშნავს პროცესი? 

ნებისმიერი ქმედება ან ქმედებათა კომპლექსი, რომლის დროსაც გამოყენებულია რესურსები სასურველი შედეგის მისაღებად, შესაძლებელია განიხილებოდეს როგორც პროცესი.

ორგანიზაციის მიერ გამოყენებული პროცესების სისტემატური იდენტიფიკაცია და მენეჯმენტი, განსაკუთრებით კი ასეთი პროცესების ურთიერთქმედება, შეიძლება ჩაითვალოს „პროცესზე დაფუძნებულ მიდგომად“. თავის მხრივ, პროცესზე დაფუძნებული მიდგომა გულისხმობს ორგანიზაციის პროცესების ინტეგრირებული და სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებას.