fbpx

საკანონმდებლო რეგულაციები HACCP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით

საკანონმდებლო რეგულაციები HACCP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით

ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებმა კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა ეტაპობრივად უნდა დანერგონ.

საქართველოს მთავრობის №409 დადგენილების მიხედვით ცვლილებები შევიდა №173 დადგენილებაში. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესის პირველ მუხლს დაემატა 3¹ პუნქტი (დანართი №1), რომლის მიხედვითაც „ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა პირველადი წარმოების ან ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისა), დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად.“

რეგულაციის თანახმად, ბიზნესოპერატორი, რომელიც  ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას, 2021 წლის 1 იანვრიდან ვალდებულია, საქმიანობა  HACCP-ის პრინციპების შესაბამისად განახორციელოს:

  • ხორცი და ხორცის პროდუქტები,
  • რძის ფხვნილზე დამზადებული სურსათი,
  • თევზი და თევზის პროდუქტები,
  • კვერცხი და კვერცხის პროდუქტები,
  • თაფლი

2021 წლის 1 ივნისიდან ანალოგიური ვალდებულება დაეკისრება  ასევე ბიზნესოპერატორს, რომელიც საცალო ვაჭრობის პუნქტში ახორციელებს სურსათის წარმოებას/გადამუშავებას.

ამასთან, 2015 წლის 1 იანვრიდან HACCP-ის სისტემის პრინციპების დაცვა სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში;  ხოლო 2018 წლიდან სისტემის დანერგვის ვალდებულება დაეკისრათ იმ  ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ექსპორტისთვის განკუთვნილ გადამუშავებული თხილის გულს ამზადებენ.

კანონმდებლობასთან   შესაბამისობას აკონტროლებს სურსათის ეროვნული სააგენტო. იგი ინსპექტირების განხორციელების პროცესში გასცემს მითითებებს/რეკომენდაციებს ბიზნესოპერატორების მიმართ. რეკომენდაციების შესრულებისათვის ბიზნესოპერატორებს ეძლევათ გონივრული ვადა, რომელთა უგულებელყოფა / შეუსრულებლობა გამოიწვევს ფულად დაჯარიმებას (პირველ ჯერზე: მცირე ბიზნესი - 200 ლარი, მსხვილი ბიზნესი - 400 ლარი; განმეორების შემთხვევაში ჯარიმა: 1200 ლარი).