fbpx

სურსათის ფალსიფიკაცია

სურსათის ფალსიფიკაცია

ფალსიფიკაცია ეს არის სურსათის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტის და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებში და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან.

განასხვავებენ ფალსიფიკაციის რამოდენიმე სახეს:

  • ასორტიმენტული ფალსიფიკაცია

სასურსათო პროდუქტის შემადგენელი ინგრედიენტების სრული შეცვლა სხვა ხარისხის, სხვა სახეობის, სხვა დასახელების ინგრედიენტებით.

ასორტიმენტული ფალსიფიცირებული სურსათი რიგი თავისებურებებით ხასიათდება:

  • იგი გაცილებით დაბალი ღირებულებისაა
  • დაბალია მისი ენერგეტიკული ღირებულება ანუ პროდუქტის კალორიულობა, რომელიც ადეკვატური ვერ იქნება ადამიანის მიერ დახარჯული (ფიზიკური და გონებრივი) ენერგიისა
  • ვიზუალურად ანუ გარეგნული ნიშნებით, ის მისი ბუნებრივი ანალოგის მსგავსია
  • მისი წარმოებისათვის გამოიყენება დაბალი და იაფადღირებული ტექნოლოგიები
  • შეფუთვა ხდება ბუნებრივი ანალოგის მსგავს შესაფუთ მასალაში, რის გამოც იგი მომხმარებლისთვის ნაკლებად აღქმადია

ასორტიმენტული ფალსიფიცირების მაგალითებია:

  • შავი ხიზილალის ნაცვლად მისი ხელოვნური ცილოვანი იმიტატორის გამოყენება
  • უალკოჰოლო სასმელებში დაბალი ღირებულების მქონე შემცვლელების გამოყენება
  • ხარისხობრივი ფალსიფიკაცია

სასურსათო პროდუქტის ხარისხობრივი, ორგანოლეპტიკური და სხვა თვისებების შეცვლის მიზნით, წარმოების პროცესში ხდება სხვადასხვა სახის საკვები ან/და არაკვებითი დანამატების გამოყენება - რეცეპტურის დარღვევა.

ფალსიფიკაციის საშუალებების გამოყენების მიხედვით განასხვავებენ ხარისობრივი ფალსიფიკაციის შემდეგ მეთოდებს:

  • ფალსიფიკაცია წყლის დამატებით
  • ძვირადღირებული ინგრედიენტების შეცვლა იაფფასიანი ინგრედიენტებით
  • ნატურალური, ბუნებრივი ინგრედიენტის ნაწილობრივი შეცვლა ხელოვნურით
  • რეცეპტურით გაუთვალისწინებელი საკვებდანამატების შეტანა
  • დაბალი ხარისხის ინგრედიენტების შეტანა იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე ეს მოცემულია ნორმატიულ დოკუმენტაციაში

ხარისხობრივი ფალსიფიკაციის მაგალითებია:

  • არაყის ფალსიფიკაციას ახდენენ ჰიდროლიზური, დაბალი ხარისხის სპირტით სრული ან ნაწილობრივი ჩანაცვლებით
  • მჟავეღვინოების „გაუმჯობესება“ ხდება წყლის დამატებით და შემდგომში სიმაგრისა და სიმჟავის კორექტირებით ნორმატიულ – ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ სიდიდემდე (გალიზაცია)
  • რაოდენობრივი ფალსიფიკაცია

მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა სასურსათო პროდუქტების ინგრედიენტების ან თვით სურსათის რაოდენობრივი პარამეტრების – წონა, ზომა, მოცულობა – დარღვევით. შესაბამისად, სასურსათო პროდუქტის და/ან მისი ინგრედიენტების ფაქტიური რაოდენობრივი მაჩვენებლები არ შეესაბამება ამ სასურსათო პროდუქტისათვის არსებულ ნორმატიულ–ტექნიკურ დოკუმენტაციას.

  • ინფორმაციული ფალსიფიკაცია

მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა სურსათის შესახებ მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც შესაძლოა აისახოს ეტიკეტზე, თანმხლებ დოკუმენტაციაში, რეკლამაში, სერტიფიკატსა და სხვ.

ინფორმაციული ფალსიფიკაციის მაგალითებია:

  • სასურსათო პროდუქტის დასახელების,
  • ლოგოტიპის,
  • შემადგენლობის,
  • ინგრედიენტების რაოდენობის,
  • შენახვის პირობების,
  • წარმოშობის ქვეყნის,
  • დამამზადებლისა და მისი საფოსტო მისამართის შეცვლა.
  • ღირებულებითი ფალსიფიკაცია

მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ხდება დაბალი თვითღირებულების მქონე სასურსათო პროდუქტის მაღალ ფასად მიწოდებით.

  • კომპლექსური ფალსიფიკაცია

მოიცავს ზემოხსენებული ფალსიფიკაციის ფორმების ერთდროულ გამოყენებას.