fbpx

გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება პანდემიის პირობებში

მოგეხსენებათ, რომ გამოცხადებული პანდემიის პირობებში, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საქმიანობა. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა  საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები ფუნქციონირების წესსა და საქმიანობის განახლებასთან დაკავშირებით. (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება № 01-193/ო 2020 წლის 8 მაისი ქ. თბილისი )

აღნიშნული ბრძანების თანახმად, სტომატოლოგიური კლინიკების საქმიანობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეამოწმებენ, სტომატოლოგიური დაწესებულებების მიერ წინასწარ შევსებული განაცხადის საფუძველზე.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით, „შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმიური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, ჩვენს მოსახლეობას მიაწოდონ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების სერვისი“. 

რა უნდა ვიცოდეთ სტომატოლოგთან ვიზიტამდე?

ბრძანების, №1 დანართის მიხედვით, გაწერილია ექიმისა და პაციენტის უსაფრთხოების დაცვის მიზნით სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები. ამიტომ, საკუთარი და გარშემო მყოფთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სანამ სტომატოლოგის სკამზე კომფორტულად მოთავსდებით, დარწმუნდით რომ კლინიკაში გატარებულია დაავადების პრევენციისათვის ყველა აუცილებელი ზომა. 

  • კლინიკის მიმღებში/მოსაცდელში საკმარისი სივრცეა პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვლის და  ერთმანეთთან დისტანცირებისთვის;
  • პაციენტები ავსებენ რისკის შეფასების კითხვარს;

  • ტარდება თერმოსკრინინგი;
  • სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;

  • პაციენტისათვის გათვალისწინებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - ბახილები, სამედიცინო ნიღაბი, დამცავი სათვალე;

  • ხელმისაწვდომია სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის და პაციენტებისათვის;

  • დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის დაცულია მეტრიანი დისტანცია;

  • დაცულია სანიტარული ნორმები და ხელსაბანი განთავსებულია ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში და ა.შ.;

  • კლინიკაში არსებობს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ საჭიროების შემთხვევაში. 

ეს ზოგადი ჩამონათვალია, დეტალურად დადგენილ მოთხოვნებს შეგიძლიათ გაეცნოთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.rama.moh.gov.ge